English / ქართული / русский /
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
ადამიანისეული კაპიტალის როლი ინკლუზიური მწვანე ზრდის უზრუნველყოფაში

ანოტაცია. ინკლუზიური „მწვანე“ ზრდის კონცეფცია ემყარება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების სტიმულირებასა და ბუნებრივი აქტივების შენარჩუნების, ეკოსისტემების ეფექტიანობის პრინციპებს. ამისათვის საჭიროა ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდა, რაც წარმოადგენს მდგრადი განვითარების საფუძველს. სწორედ ადამიანისეული კაპიტალია ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი  ინკლუზიური მწვანე ზრდის უზრუნველსაყოფად.

ნაშრომში განხილულია ადამიანისეული კაპიტალის ინდექსის, როგორც ადამიანისეული კაპიტალის მოცულობის საზომის არსი. იგი წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ თანამედროვე საზომს, რომელიც ფოკუსირებულია მომავალი თაობის მწარმოებლურობასა და პროდუქტიულობაზე.

ხაზგასმულია, რომ ადამიანისეული კაპიტალის გარეშე შეუძლებელია მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ისევე, როგორც კვალიფიციურ მუშაკთა კონტინგენტის ფორმირება და მსოფლიო ეკონომიკურ არენაზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუცილებელი პირობების შექმნა ადამიანისეული კაპიტალი განვითარებისათვის.

საკვანძო სიტყვები: ადამიანისეული კაპიტალი, ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი, მწვანე ზრდა. 

ნებისმიერი ქვეყნისათვის, ეკონომიკის განვითარების რა ეტაპზეც არ უნდა იყოს ის, უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. საზოგადოების განვითარების დღევანდელი ეტაპისათვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგადად ზრდა. სულ უფრო აქტუალური ხდება ინკლუზიური მწვანე ზრდის თემატიკა და სულ უფრო მეტი ქვეყნისათვის ხდება პრიორიტეტული ინკლუზიური მწვანე ზრდის უზრუნველყოფა. როგორც ცნობილია „მწვანე“ ზრდის კონცეფცია ემყარება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების სტიმულირებას ბუნებრივი აქტივების შენარჩუნების, ეკოსისტემების ეფექტიანობის პრინციპებს. ამისათვის საჭიროა ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდა, რაც წარმოადგენს მდგრადი განვითარების საფუძველს. გამოიყო სფეროებიც, რომლებიც უმნიშვნელოვანესად ითვლება „მწვანე“ ზრდისათვის. მათ შორისაა ინოვაციები და ტექნოლოგიები (განსაკუთრებით ეკოლოგიის სფეროში), „მწვანე„ საწარმოების რიცხვის ზრდა. 

 

ნახ. 1. ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა 

ინკლუზიური მწვანე ზრდის კონცეფციას კარგად გამოხატავს გაეროს განვითარების ფონდის მიერ შექმნილი გრაფიკული გამოსახულება (ნახ.1). მწვანე ზრდისაგან განსხვავებით ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ხდება სოციალური განვითარებაც, რაც, თავის მხრივ, უფრო მნიშვნელოვანს ხდის ადამიანისეულ კაპიტალს [1].

 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა სპეციალური სახელმძღვანელო მწვანე ეკონომიკისათვის, რომელიც მოიცავს მეთოდოლოგიურ და  პრაქტიკულ ასპექტებს. აღნიშნულ დოკუმენტში მთავარი აქცენტები კეთდება ადამიანისეული კაპიტალის გავნითარებაზე, ვინაიდან სწორედ ადამიანისეული კაპიტალი წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფაქტორს  ინკლუზიური მწვანე ზრდის უზრუნველყოფისათვის. პრაქტიკულად ესაა სახელმძღვანელო უნარების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც საჭიროა მწვანე ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. 

ეკონომიკურ ლიტერატურაში საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ადამიანისეულ კაპიტალსა და ეკონომიკურ ზრდას შორის დამოკიდებულება საკმაოდ ძლიერია. ადამიანისეული კაპიტალი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე და  ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას მოსახლეობის ცოდნისა და უნარების მეშვეობით.

ადამიანისეული კაპიტალი მოიცავს რა ადამიანების ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და მოტივაციას,  გააჩნია ეკონომიკური ღირებულება. ადამიანისეული კაპიტალი შედგება ცოდნის, უნარების და ჯანმრთელობისაგან, რომელიც ადამიანებს  საშუალებას აძლევს, მოახდინონ საკუთარი თავის, როგორც საზოგადოების პროდუქტიული წევრის, რეალიზაცია.

ამერიკელი ეკონომისტის „Journal of Human Capital „ მთავარი რედაქტორის ისააკ ელრიხის  (Isaac Ehlrich) მოსაზრებით აუცილებელია ეფექტიანი პოლიტიკის გატარება ადამიანისეული კაპიტალის დაგროვებისათვის, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს. აუცილებელია ინსტიტუციური პირობების შექმნა მის ინოვაციურ ტექნოლოგიად გარდასაქმნელად. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების ისტორიის მაგალითზე ელრიხმა აჩვენა ადამიანისეული კაპიტალის როლი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში [3].

ნეოკლასიკური თეორია ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორად თვლიდა კაპიტალსა და შრომას, რომელთაც კლებადი ზღვრული ეფექტიანობა ახასიათებს.   გრძელვადიანი ზრდისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ტექნოლოგიები. ელრიხის აზრით ტექნოლოგიები ენდოგენური ფაქტორია, რომელიც ადამიანისეული კაპიტალის პირდაპირპროპორციულია [3].

უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ადამიანისეული კაპიტალის გაზომვა უაღრესად რთული  პრობლემაა. ადამიანისეული კაპიტალის გაზომვა შესაძლებელია სხვადასხვა პარამეტრის გამოყენებით: განათლების დონის, R&D მოცულობის, განათლებაში ინვესტიციების მოცულობის და ა.შ.  ფართოდაა გავრცელებული მიდგომა, რომლის თანახმადაც ამ მაჩვენებლის გაზომვა შესაძლებელია იმის მიხედვით, თუ რამდენის ინვესტირება ხდება განათლებაში. მეტად განათლებულ მუშაკებს, ცხადია, ექნებათ მაღალი შემოსავლები, რაც შემდგომ გამოიწვევს მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

 „ადამიანისეული კაპიტალი“  -- მსოფლიო ბანკის ამ პროექტის (2017წლიდან) ფარგლებში  შემუშავდა ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი. ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი წარმოადგენს მსოფლიო ბანკის ადამიანისეული კაპიტალის პროექტის ნაწილს, რომელიც არის მხარდაჭერა ეროვნული მთავრობების ლიდერებისა ადამიანისეული კაპიტალში ინვესტირებისათვის.  მსოფლიო ბანკის აზრით, „ადამიანისეული კაპიტალი არის მთავარი მამოძრავებელი მდგრადი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის. ინვესტიციები განათლებასა და ჯანდაცვაში მნიშვნელოვანია. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია რომ ეს ინდექსი ქმნის პირდაპირ კავშირს ჯანდაცვასა და განათლებაში ინვესტირების შედეგებს, პროდუქტიულობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის“ [2].

ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი ზომავს იმ ადამიანისეული კაპიტალის მოცულობას, რომელსაც ბავშვი, რომელიც დღეს დაიბადა, მიაღწევს საშუალო სკოლის დამთავრებისას, იმ რისკების გათვალსწინებით, რომლებიც დაკავშირებულია განათლებას, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვასთან იმ ქვეყანაში სადაც ის დაიბადა. ამგვარად, ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს ახალი თაობის მწარმოებლურობას სრული განათლებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის პირობებით უზრუნველყოფილი ეტალონურ დონესთან შედარებით. დღეისათვის ეს მაჩვენებელი გაიანგარიშება 157 ქვეყნისათვის.

ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი ფართოდ ცნობილი ადამიანისეული განვითარების ინდექსისგან განსხვავებით, უმეტესწილად ფოკუსირებულია მომავალი თაობის მწარმოებლურობასა და პროდუქტიულობაზე.

ეს ინდექსი საშუალებას იძლევა რაოდენობრივად შევაფასოთ ჯანდაცვისა და განათლების წვლილი მომავალი თაობის შემოსავლების დონესა და მწარმოებლურობაში. ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ის იმის განსაზღვრისათვის, თუ შემოსავლების რა ნაწილს კარგავენ ადამიანისეული კაპიტალის დეფიციტის გამო, და რამდენად სწრაფად შეუძლიათ მათ  ეს დანაკარგები აქციონ მოგებად, თუ იმოქმედებენ დაუყოვნებლივ. ინდექსის არსი დაწვრილებითაა გადმოცემული მსოფლიოს განვითარების 2019 წლის ანგარიშშიც.

განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს განვითარების შესახებ საიმედო ინფორმაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და მსოფლიო დონეზე. ეს ინფორმაცია არსებითია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელთათვის. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასება ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი სასურველი შედეგის მისაღწევად. ხოლო მსოფლიო დონეზე შედეგების კომპლექსური გაზომვა და შეფასება ნათელს ფენს ქვეყნებს შორის განსხვავებას და ააქტიურებს ადამიანისეულ კაპიტალში ინვესტირებას.

ამ პროექტის მიზანსაც სწორედ ადამიანისეული კაპიტალის განვითარებისათვის  საზოგადოების ძალისხმევის მობილიზაცია წარმოადგენს. კვლევის პრეამბულაში ხაზგასმულია, რომ ადამიანისეული კაპიტალი წარმოადგენს ძირითად ფაქტორს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველსაყოფად.

მსოფლიო ბანკის ადამიანისული კაპიტალის ინდექსი თავის თავში მოიცავს ხუთ მაჩვენებელს: 5 წლამდე ასაკის ბავშვთა  გადარჩენის ალბათობა; ზრდასრულთა გადარჩენის ალბათობა; ბავშვთა სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა; სწავლის ხარისხი (ერთიანი გამოცდების შედეგები ჰარმონიზდება  ქვეყნებს შორის შედარების თვალსაზრისით); ბავშვთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელთაც არ აქვთ ჩამორჩენა განვითარებაში.

 სხვა სიტყვებით, ინდექსი საშუალებას იძლევა გაიზომოს დისტანცია, რომელიც თითოეულ ქვეყანას აშორებს ზღვრული დონისაგან - ასე ვთქვათ იდეალურ ჯანმრთელობასა და სრულფასოვან განათლებასთან დღეს დაბადებული ბავშვისათვის. ამ თვალსაზრისით ინდექსი ზომავს:

  • გადარჩენა - იცოცხლებენ კი დღეს დაბადებული ბავშვები სასკოლო ასაკამდე;
  • სწავლა - როგორი იქნება სწავლის ხანგრძლივობა და მიღებული ცოდნის მოცულობა;
  • ჯანმრთელობა - დაამთავრებენ კი სკოლას ჯანმრთელები და იქნებიან კი მზად შემდგომი სწავლის ან დასაქმებისათვის.

ინდექსი აღწერს ქვეყნის მდგომარეობას მუშაკთა მომავალი თაობების მწარმოებლურობის თვალსაზრისით. თავდაპირველად ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა 28 ქვეყანა (მათ შორის საქართველო) სხვადასხვა რეგიონის და სხვადასხვა შემოსავლების მქონე. დღეისათვის ინდექსი მუშავდება 157 ქვეყნისათვის და ამ პროექტში ჩართული ქვეყნების მიერ წარმოებს არა მხოლოდ გაანგარიშებები, არამედ ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრა ადამიანისეული კაპიტალის ზრდის უზრუნველსაყოფად.

ინდექსი იღებს მნიშვნელობებს 0-დან 1-მდე. თუ ,ვთქვათ, ინდექსის მნიშვნელობა =0,5 -ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები და მთლიანად ქვეყანა კარგავს თავისი მომავალი ეკონომიკური პოტენციალის ნახევარს. ამ გაანგარიშების შედეგების ექსტრაპოლაცია 50 წლიან პერიოდზე კი ნიშნავს მასშტაბურ ეკონომიკურ დანაკარგებს - მშპ-ს ზრდის წლიური ტემპის 1,4%-ით შემცირებას. ქვეყნისათვის სადაც ახალშობილი უზრუნველყოფილია განათლებისა და ჯანდაცვის იდეალური დონით ეს მაჩვენებელი იქნება 1-ის ტოლი. შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი აშშ-სათვის შეადგენს 0,76%-ს, კანადაში - 0,80, გერმანიაში 0,79, ფინეთში 0,81 ხოლო სინგაპურში 0,88[6].

HCI მსოფლიოში ყველაზე მაღალი აქვს სინგაპურს და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,88-ს. მეორე ადგილზე ევროპის განვითარებად ქვეყნებში (მე-14 გლობალური) უკავია ჩეხეთის რესპუბლიკას, რომლისათვისაც ამ ინდექსის მნიშვნელობა 0.78, სერბეთი 27-ე ადგილზეა, 0.76 მნიშვნელობით, ესტონეთი და პოლონეთი კი 30-ე ადგილზე ინდექსით - 0,75. ევროპის ქვეყნების სტატისტიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ სლოვენიასათვის ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი ((HCI) 0,79 შეადგენს რაც ყველაზე მაღალია ევროპის  განვითარებად ეკონომიკებს შორის (გლობალური თვალსაზრისით მე-13 ადგილი). ინდექსი რომელიც 2018 წლის მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე ინდონეზიაში გამოქვეყნდა 157 ქვეყნისათვის [6].

ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რუმინეთს, რომელიც  ტოლია 0,60.  2012 დან 2017 წლამდე პერიოდში HCI მნიშვნელობა რუმინეთისათვის შემცირდა 0,63-დან 0,60-მდე.  ადამიანისეული კაპიტალის ინდექსის მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ რუმინეთს ესაჭიროება ინვესტიციები განათლებასა და ჯანდაცვაში.

ადამიანისეული კაპიტალის საზომად ფართოდ გავრცელებული მიდგომის მიხედვით ასევე წარმატებით გამოიყენება ინვესტიციები ადამიანისეულ კაპიტალში HCI. მსოფლიო ქვეყნებს შორის განსხვავება ადამიანისეულ კაპიტალში ინვესტიციებში საკმაოდ დიდია. ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი HCI წარმოადგენს საზომს, რომელიც ზომავს ქვეყნებს შორის განსხვავებას  ადამიანისეულ კაპიტალში ინვესტიციების თვალსაზრისით. საკმაოდ მაღალია კორელაცია ინვესტიციებს ადამიანისეულ კაპიტალში და ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებულ GDP-ს შორის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კავშირი არაა ცალმხრივი. საუბარია მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების მიმართულებაზე: ადამიანისეული კაპიტალს შეაქვს წვლილი შემოსავლების დინამიკაში - გამოშვების ზრდაში და თავის მხრივ მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავიანთ ბავშვებში. ძლიერი კორელაცია განპირობებულია აგრეთვე ისეთი ძლიერმოქმედი ფაქტორების არსებობით, როგორიცაა ინსტიტუციების ხარისხი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც შემოსავლების მოცულობაზე, ასევე ინვესტიციებზე ადამიანისეულ კაპიტალში.

ადამიანისეული კაპიტალის გარეშე შეუძლებელია მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ისევე როგორც კვალიფიციურ მუშაკთა კონტინგენტის ფორმირება და მსოფლიო ეკონომიკურ არენაზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. ამიტომ მნიშვნელოვანია აუცილებელი პირობების შექმნა ადამიანისეული განვითარებისათვის, სახელმწიფოს კი  ყურადღების ფოკუსირება მართებს სწორედ ამ ფაქტორზე, მომავალში შედეგების მისაღებად. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Advancing Green Human Capital. A FRAMEWORK FOR POLICY ANALYSIS AND GUIDANCE. ILO, 2017.
  2. Inclusive Green Growth Index. A New Benchmark for Quality of Growth.  Asian Development Bank, 2018.
  3. Ehrlich I., Dunli Li, Zhiqiang Lui. (2017). The Role of Entrepreneurial Human Capital as a Driver of Endogenous Economic Growth. Journal of Human Capital, vol 11(3), p. 310-351. 
  4. Ivo Šlaus 1 and Garry Jacobs.  Human Capital and Sustainability.  “Sustainability” 2011, 3, 97-154; doi:10.3390/su3010097.
  5. Inclusive Wealth Report 2018. Measuring Progress Towards Sustainability. Taylor and Francis Group. New York, 2018.
  6. www. Worldbank.org